საქართველო ფარერის კუნძულებს შეხვდება
17 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებთა შეხვედრას უნდა გაერკვია ვინ გახდებოდა ფარერის კუნძულების მეტოქე მეხუთე ადგილისთვის და ვინ ფინეთის მეტოქე მეშვიდე ადგილისთვის ბრძოლაში. პირველ ტაიმში ორივე გუნდს ნერვიულობა ეტყობოდა. ორივე მხარემ შეცდომები დაუშვა. ხსენებული მიზეზების გამო ანგარიში საკმაოდ დაბალი იყო, მაგრამ საბერძნეთი იგებდა. პირველი თხუთმეტი წუთის შემდეგ ანგარიში იყო 3:7.
ქართველებისგან გამოირჩეოდა მეკარე ხატია ჯიქურაშვილი.
28-ე წუთზე საქართველომ გათანაბრება შეძლო, თუმცა შესვენებამდე მაინც საბერძნეთმა მოიგო 10:9.
ანგარიში კიდევ ერთხელ მეორე ტაიმის მე-8 წუთზე გათანაბრდა – 12:12, რის მერეც უკანახაზელი ლიზა ჩხეიძის შესანიშნავი თამაშის წყალობით წინ საქართველოს ნაკრები გავიდა.
მეორე ტაიმის შუაში საქართველო იგებდა 17:15-ს.
ამის შემდეგ გუნდებმა ანგარიში რამდენჯერმე გაათანაბრეს: 17:17; 18:18; 19:19; 20:20. ეს ანგარიში ბოლო 7, ყველაზე დრამატული წუთის განმავლობაში არ შეცვლილა. თამაშის უკანასკნელ წამზე საქართველოს ნაკრების ხაზის მოთამაშეს მარიამ დვალიშვილს არ გაუმართლა და ძელს გაარტყა ბურთი.
პენალტებში, რომელიც ისეთივე დრამატული რაგოდგა, როგორიც თავად მატჩი, გაიმარჯვა საქართველომ.
საქართველოს ნაკრებიდან თამაშის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს მეკარე ხატია ჯიქურაშვილი, ხოლო საბერძნეთის ნაკრებიდან მარცხენა ინსაიდი ნიკოლინა კეპესიდო.
ხატია ჯიქურაშვილი, საქართველოს ნაკრების საუკეთესო მოთამაშე: ძალიან დაძაბული თამაში იყო, მოწინააღმდეგე არ ყოფილა სუსტი. როგორც ხედავთ თამაშის განმალობაში ხშირად თანაბრდებოდა ანგარიში. გოგოებმა ყველანაერად ვეცადეთ რომ დღევანდელი თამაში მოგვეგო. თითოეულმა ბოლო წვეთამდე ვიბრძოლეთ და მოვიგეთ კიდევაც. ხვალინდელი თამაშისთვის ბოლომდე დავიხარჯებით, მაქსიმალურად ვეცდებით რომ კიდევ ერთი დადებითი შედეგი დავდოთ.