შვეიცარიამ დაამტკიცა რომ ძლიერია
17 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის „ბ“ ჯგუფში შვეიცარიას და ლიეტუვას ორი თამაშის შემდეგ ოთხ-ოთხი ქულა ჰქონდათ. ოთხი ქულა აქვს საქართველოსაც, მაგრამ სამი თამაშიდან და ამ დღეს ის ისვენებდა.
პირველ ტაიმში ლიეტუვამ ერთადერთხელ მოახერხა წინ გასვლა – მე-4 წუთზე, როდესაც ანგარიში იყო 1:2. სხვა დროს შვეიცარია იგებდა. პირველი ტაიმი დამთავრდა 18:9.
შესვენების შემდეგ არაფერი შეცვლილა. შვეიცარია ზეწოლას აძლიერებდა და სხვაობას ზრდიდა. თამაში დამთავრდა 31:19.
შვეიცარიის ნაკრების საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს ხაზის მოთამაშე დებორა ანენი, ხოლო ლიეტუველთაგან საუკეთესო იყო მარჯვენა გარემარბი მანტე ვოსკრესენსკაია.
8 აგვისტოს შვეიცარია ხვდება საქართველოს, ხოლო ლიეტუვა ფინეთს.
დებორა ანენი, საუკეთესო მოთამაშე, შვეიცარია: თავდადებით ვითამაშეთ, მაგრამ ზოგი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ახლა ჩვენი მიზანი შემდეგი თამაშის მოგებაა.
მანტე ვისკრესენსკაია, საუკეთესო მოთამაშე, ლიეტუვა: ნამდვილად რთული მატჩი იყო. ერთმანეთს ძლიერი გუნდები შევხვდით, თან ჩვენი რამდენიმე მოთამაშე დაშავებული იყო. ყველა ღონეს ვიხმართ, რომ შემდეგი თამაში მოვიგოთ.