საქართველოს ძნელი გამარჯვება
17 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის „ბ“ ჯგუფი გაგრძელდა საქართველოსა და ლატვიის შეხვედრით.
ტურნირის მასპინძელი საქართველო აქამდე ერთი მოგებითა და ერთი წაგებით მოვიდა, ხოლო ლატვიელებს ორივე წაგებული ჰქონდათ.
ქართველები პირველივე წუთიდან გავიდნენ წინ, მაგრამ თვალშისაცემი უპირატესობის მოპოვება ვერ შეძლეს. დაბალი ანგარიშის მიზეზი ორივე გუნდის დაცვის კარგი თამაში იყო. კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი საქართველოს ნაკრების მეკარემ ხატია ჯიქურაშვილმა, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძელთა ერთ-ერთი ლიდერი ლიზა ჩხაიძე პირდაპირი წითელი ბარათით გააგდეს მოედნიდან.
პირველი ტაიმი დამთავრდა ანგარიშით 11:9.
მეორე ტაიმის მე-7 წუთზე ლატვიამ გაათანაბრა 13:13 და შემდეგ წინაც გავიდა (13:14; 13:15), მაგრამ საქართველო ბრძოლას განაგრძობდა. ანგარიში რამდენჯერმე გათანაბრდა: 18:18; 19:19; 20:20. საბოლოოდ კი საქართველომ გაიმარჯვა: 24:21.
საქართველოს ნაკრებიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს მეკარე ხატია ჯიქურაშვილი, ხოლო ლატვიელთაგან მარცხენა გარემარბი ანა ალექსა სტანკევიცა.
ხატია ჯიქურაშვილი: დღევანდელი თამაში ძალიან დაძაბული იყო, მეტოქე არ იყო სუსტი. გოგოებმა ყველა ღონე იხმარეს რომ გაგვემარჯვა. თითოეულმა მოთამაშემ თავისი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში.
ანა ალექსა სტანკევიცა: კარგად ვითამაშეთ, თუმცა უკეთაც შეგვეძლო. ჩვენი მეტოქე საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო, მაგრამ ვფიქრობ ჩვენც მათ დონეზე ვართ.