საქართველომ ფინეთს მოუგო

17 წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე ფინეთის ნაკრებს პირველი თამაში ტურნირის მასპინძელ საქართველოსთან მოუწია. საქართველოს პირველი შეხვედრა ლიტვასთან ჰქონდა წაგებული და ამიტომ, მისთვის ამ შეხვედრაში გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მთელი მატჩი დაძაბული გამოდგა. თავიდან ფინელები დაწინაურდნენ (0:1; 1:2; 2:4), მაგრამ მე-15 წუთისთვის საქართველომ ანგარიში გაათანაბრა – 5:5, რასაც მეექვსე გოლიც მიაყოლა. შემდეგ იყო 6:6 და 7:7, მაგრამ ფინეთის ნაკრების ტექნიკური შეცდომების დახმარებით მასპინძლებმა პირველი ტაიმი 9:7 მოიგეს.

შესვენების შემდეგ საქართველომ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა და მეკარე ხატია ჯიქურაშვილისა და მარცხენა ინსაიდის ლიზა ჩხაიძის შესანიშნავი თამაშის წყალობით სამჯერ 6 გოლიან უპირატესობასაც მიაღწია, მაგრამ ფინეთი არ დანებდა და საბოლოოდ მინიმალური სხვაობით 22:23 წააგო.

მატჩის საუკეთესო ხელბურთელებად დაასახელეს: საქართველოდან ლიზა ჩხაიძე, ხოლო ფინეთიდან მარჯვენა გარემარბი ემილია კარელი.

ლიზა ჩხაიძე, საქართველოს ნაკრების საუკეთესო მოთამაშე: პირველი ტაიმი იყო ძალიან დაძაბული, თავიდან ვაგებდით კიდეც, მაგრამ მეორე ტაიმში შევძელით უკეთ თამაში, მთელი გუნდის მონდომებისა და ტრიბუნების გამხნევების ხარჯზე. მომავალში ჩვენი მიზანია რომ ყველა თამაში მოვიგოთ და ვცადოთ რაც შეიძლება მაღალი ადგილით გავიდეთ ჯგუფიდან.

ტომას მეკლინი, ფინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: ჩვენთვის აშკარად ძლიერი მეტოქე შეგვხვდა. თავიდან დაცვასა და კონტრშეტევებში პრობლემები გქონდა. შევეცდებით მომავალში უკეთ გამოვიდეთ.

Leave a Reply