
ლიეტუვამ მასპინძლები დაამარცხა
17 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე „ბ“ ჯგუფი ლიეტუვასა და საქართველოს ნაკრებთა თამაშით დაიწყო.
ძნელი შესამჩნევი არ იყო, რომ ტურნირის მასპინძლები მშობლიურ კედლებში თამაშის პასუხისმგებლობის გამო ნერვიულობდნენ, ხოლო ლიეტუველები ფრიად მოტივირებულები გახლდნენ. მე-9 წუთიდან მოყოლებული ლიეტუველები სამბურთიან უპირატესობას დაეუფლენ და ეს სხვაობა პირველი ტაიმის უმეტეს ხანს არც შეცვლილა. ყველაზე მეტი, რაც საქართველომ შეძლო, 28-ე წუთზე სხვაობის ერთ ბურთამდე შემცირება გახლდათ. პირველი ტაიმი დასრულდა 13:10.
მეორე ტაიმის პირველ ხუთ წუთში გოლი არ გასულა, რაც ძირითადად ქართველთა მეკარის ხატია ჯიქურაშვილის დამსახურება გახლდათ. ამის შემდეგ კი ლიეტუველებმა უპირატესობა დაიბრუნეს და ნაბიჯ-ნაბიჯ მიიყვანეს საქმე გამარჯვებამდე – 28:19.
ლიეტუველთა გუნდიდან საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს სილვია მაკონნიტე (მარცხენა ინსაიდი), 12 გოლის ავტორი, ხოლო ქართველთა შორის საუკეთესო მარცხენა გარემარბი, 7 გოლის ავტორი ანა ჩხაიძე გახლდათ.
რიტა ურნიკიენე, ლიეტუვის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა ამ ჩემპიონაატში. გოგოებს ძალიან უნდოდათ მოგება, მაგრამ პირველი ტაიმი რთული გამოდგა. და მაინც მათ შეძლეს თავის ხელში აყვანა და მოგება. ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით.
ინა ჭკუასელი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი: გოგოებმა როგორც საჭირო იყო ვერ ითამაშეს. გუნდს ფსიქოლოგიურად დაეტყო ნენო ჯგერენაიას ტრავმა თამაშის დასაწყიში. მეტოქემ კარგად ითამაშა. იყო მომენტები, როდესაც წინ ვიწევდით, მაგრამ მააინც მეტი ძალისხმევა იყო საჭირო.